900 000-იანი, 2 მილიონიანი, ნახევარ მილიონიანი პროგრამები არის გადანაწილებული იმ რადიკალურ პოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მოქალაქეები ხედავენ, რომ გამოირჩევიან სახელმწიფოზე თავდასხმით, სიძულვილის ენით, დეზინფორმაციით და ადამიანის უფლებებით უპატივცემულობით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ქართული „ენჯეოების“ დაფინანსების შესახებ გასაჯაროებულ მონაცემებზე საუბრისას

მისი განცხადებით, ეს არის ფაქტობრივად პირველადი სურათი ანატომიისა, თუ როგორ ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი.

„ჩვენ რაც ახლა ვნახეთ, არის, რომ ევროპარლამენტში ოპოზიციურმა ჯგუფებმა გამოიყენეს სადეპუტატო შეკითხვის შესაძლებლობა და სანამ მიმართავდნენ, ევროკომისია არ აძლევდა ინფორმაციას, შემდეგ კომიტეტების მეშვეობით გამოითხოვეს ინფორმაცია, ვის აფინანსებს ევროკავშირი. აქ უკვე იძულებული იყო ევროკომისია, რომ გაეცა პასუხი. ამ პასუხებიდან გამომდინარე შეიქმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ვხედავთ ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ გვიმალავდნენ აქამდე, მათ შორის ევროკავშირის საელჩო უარს ამბობდა გასაჯაროებაზე.

ჩვენ დავინახეთ, პირველადი ინფორმაცია გვაქვს ახლა, რომელ ორგანიზაციებში რა თანხები მიდის. თანხებზე იყო დავა, „საფარმა“ 900 000 აიღო თუ 200 000. საბოლოო ჯამში მოუწიათ გასაჯაროება თვითონვე, როგორ ნაწილდებოდა ეს თანხა და მგონი, კიდევ უარესი რამე გავიგეთ - აღმოჩნდა, რომ ეს 900 000-იანი, 2 მილიონიანი, ნახევარ მილიონიანი პროგრამები არის გადანაწილებული იმ რადიკალურ პოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მოქალაქეები ხედავენ, რომ გამოირჩევიან სახელმწიფოზე თავდასხმით, სიძულვილის ენით, დეზინფორმაციით და ადამიანის უფლებებით უპატივცემულობით.

ასე რომ, ფაქტობრივად პირველადი მონაცემი გვაქვს იმ ანატომიისა, როგორ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში, როგორ არის გადანაწილებული ეს თანხები იმ ცნობილ, ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილებზე, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან იმით, რომ არ სცემენ პატივს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ კონსტიტუციას და კანონებს და ეს „ენჯეოები“ აორგანიზებენ აქციებს, სადაც მოთხოვნად ჟღერდება ხელისუფლების დამხობა. აი, ამაში იხარჯება სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ფული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე განმარტება უნდა გააკეთოს ევროკავშირის საელჩომ.

„ახლა უკვე ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე, ევროკავშირის საელჩოს მოედანზე - ახსნას, რატომ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში არიან ჩართულნი. და რა გავარკვიეთ გარდა ამისა? გავარკვიეთ, რომ 2022 წელს, ივნისში, როდესაც სცენაზე დადგნენ „ენჯეოები“ და ითხოვდნენ, რომ მთავრობა დაკომპლექტებულიყო მათი მონაწილეობით და მათი ვეტოს უფლებით. აიღეთ ის „ენჯეოები“, ვინც იდგა იმ სცენაზე და ყველა ეს „ენჯეო“ არ ამ სიაში და ეს დაფინანსება მათ შორის, 2022 წლის მონაცემებს ეხება.

გამოვიდა, რომ ევროკავშირმა ჯერ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი აბსოლუტურად უსამართლოდ და არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ არ მოეცა, და შემდეგ მისივე დაფინანსებული „ენჯეოები“ ბრიუსელმა დააყენა სცენაზე და აპირებდა ხელისუფლების ჩანაცვლებას „ენჯეოებით“. აი, ეს არის, რაც ჩვენ გავარკვიეთ ამ მონაცემთა ბაზიდან, ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს ევროკავშირის საელჩომ ბრიუსელმა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“.