2023 წლიდან დაახლოებით 30 000 შემოსვლა იყო ჟურნალისტების საქართველოს პარლამენტის შენობაში. აქედან წესების მიღმა ქცევა, რომელსაც მოჰყვა რეაგირება იყო ალბათ დაახლოებით 15. ეს ხომ აჩვენებს, რომ დანარჩენ 29 985 შემთხვევაში ჟურნალისტები სრულად აცნობიერებდნენ მათი პროფესიული საქმიანობის და ეთიკური ჟურნალისტების სტანდარტებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, 15 რომ დგას 29 985-ის საპირწონედ ზუსტად ეს გამონაკლისი ადასტურებს წესს, რომ ის 15 იყო აცდენა ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებისგან და 29 985 შემთხვევაში იყო დაცული.

„ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი პოზიცია არა მხოლოდ ჩვენს კონსტიტუციაზე დაყრდნობით, არამედ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. ვფიქრობ, რომ ყოველთვის არის მისაღები ის გარემო, რომელიც პარლამენტში არის და ჟურნალისტებისგან მადლობას უნდა ვისმენდეთ ამასთან დაკავშირებით. 15 შემთხვევა ვერ იქნება სტანდარტი, სტანდარტი არის 29 985 შემთხვევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა ის წესები, რომელიც მოქმედებს საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებისთვის.