ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ 2009 წლის 6 მაისის აქციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიციის სამმართველოსთან მას უკნიდან ესროლეს ბეტონის ნამსხვრევები, რის შემდეგაც დაცხრილეს პლასტმასის ტყვიებით.
„ერთი შურდული, კენჭი, ქვა, ბოთლი არავის არ ჰქონია ხელთ, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ხელაწეული ხელებით აპროტესტებდნენ ადამიანები დაკავებული ახალგაზრდების წამებას და ეს წამება განვრცობადი იყო და უფრო უკეთურ რაღაცებს აპირებდნენ, აღარ მინდა ახლა ვთქვა, რის გამოც ჩვენ დავიძარით რუსთაველის გამზირიდან მერე ფეხით და ჩავედით იქ.
მე ზურგით ვიდექი პოლიციის სამმართველოს ალაყაფის მიმართ და ვცდილობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ვთქვათ უკვე პირველი გასროლა რომ მოხდა, არ მიახლოებოდნენ ღობეს. მე ვიცოდი ეს რითაც დამთავრდებოდა და ეს ჩაითვლებოდა შეჭრის მცდელობად. შეჭრის მცდელობა ერთადერთი საწყალ უცნობს დააბრალეს, ფურცლით გადახტა და რა უქნეს თქვენ კარგად იცით. ის ყოფილა თურმე პოლიციის აღება სამმართველოსი. მაგრამ მე ვაკავებდი ამ ადამიანებს, რომ ეს არ მომხდარიყო და აი ამ დროს უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, 14 ნაკერი დამადეს და მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთ მომენტში ბატონი სოზარი ცდილობდა მე გადამფარებოდა და გია მაისაშვილი. გიას პირდაპირ შუბლში მოხვდა, მე უკვე ჩავიკეცე, გონება დავკარგე, ტვინის შერყევა მქონდა. თქვენზეც იძალადეს მაშინ, როგორც მერე ყველასთვის ცნობილი გახდა, არ გინდობდნენ არც თქვენ ბატონო სოზარ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.