„დიალოგის მოწოდება ვერ გადაფარავს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას“ — ასეთი სათაურით გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისკენ კვლავ მოუწოდეს ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, დევიდ მაკალისტერმა და ნილს უშაკოვსმა.
განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, საქართველოსთან დაკავშირებით სამი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ არ აღიარებს ხელისუფლებას, „რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა“ და მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და გზას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.
შეგახსენებთ, ეს პარლამენტარები იმ ოთხეულში შედიან, რომელზეც iPress-ი წერდა — „ვინ არის ის ოთხი ევროპარლამენტარი, რომლებიც „ქართული ოცნების” ლიდერების დასანქცირებას და საქართველოში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ”.
მეოთხე მათთან ერთად მაშინ იყო სერგეი ლაგოდინსკი — 1975 წელს ასტრახანში დაბადებული გერმანელი პოლიტიკოსი, მწვანეთა ჯგუფის წევრი, რომელიც თავადაც აღიარებდა რომ არჩევნების გაყალბების საბოლოო მტკიცებულება არ უნახავს, მაგრამ მაინც ხელახალ არჩევნებს ითხოვდა.
ასევე შეგახსენებთ, ნილს უშაკოვსი — რიგის ყოფილი მერი, რომელიც თავის დროზე სანქციებს „კოშმარულ იდეას“ უწოდებდა და ამბობდა: „სანქციებს თანამედროვე ისტორიაში არასდროს მოუტანია პოზიტიური შედეგი“.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




