პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი სამძიმარს უცხადებს.
"საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას.
ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა პოლონელ ხალხს ამ მძიმე წუთებში,"- აღნიშნულია პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შემთხვევა შაბათს, კრაკოვის ბაზრის მოედანზე მოხდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ექვსი ადამიანი შეეწირა. პოლიციის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დევნისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, სროლამდე ცოტა ხნით ადრე, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში სამი ცხედარი იპოვეს.
პოლონურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სტროვეც-შვენტოკშისკიში მდებარე ბინაში ნაპოვნი სამი პირი თავდამსხმელის მშობლები და და არიან. ანტიტერორისტული სამსახურები ბინას მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ.
გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა ცხრამდე გაიზარდოს, თუკი გამოძიება დაადასტურებს, რომ თავდამსხმელი მშობლებისა და დის მკვლელობაზეც არის პასუხისმგებელი.
24 წლის თავდამსხმელი გადარჩა, თუმცა ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ოფიციალურად არ დაუკითხავთ.




