ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორების  საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მონაწილეობდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში ევროპარლამენტის წევრები და ასევე, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების წევრები მონაწილეობდნენ. 

ევრონესტის ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით წარიმართა. სხდომაზე რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე იმსჯელეს. განიხილეს  რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას მაია ბითაძე თანათავმჯდომარეობდა, რომელზეც პარტნიორებმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპას შორის არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარადგინეს.

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და აღმოსავლეთ ევროპაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების მდგომარეობის შესახებ  დისკუსია გაიმართა ეკონომიკური კომიტეტისა და სოციალური კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა ევროპარლამენტარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების დელეგაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სხდომებში მაკა ბოჭორიშვილის, ნიკოლოზ სამხარაძის, მაია ბითაძის, მიხეილ სარჯველაძის ხატია წილოსანის, ლევან ქარუმიძის, თინათინ ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის შემადგენლობით მონაწილეობდა.