"ქართული ოცნების" მიერ ბოლნისის #23 საარჩევნო ოლქში სოფელ ტალავერში საარჩევნო უბანზე ფულის გაცემის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ეხმინება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სამირა ისმაილოვა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ ეს შეუძლებელია.
"რა თქმა უნდა, ეს არის სრული სისულელე, შეუძლებელია, არცერთი ჩვენი აქტივისტი თუ კოორდინატორი ამას არ აკეთებს. დღეს ხელისუფლება გრძნობს ბოლნისში არჩევნებს აგებს და ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთონ ეს არის ტყუილი ინფორმაციის გავრცელება. ეს არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა ისმაილოვამ.
მისივე თქმით, ბოლნისში არჩევნები მშვიდ მდგომარეობაში არ მიმდინარეობს.
"არის ბევრი დარღვევა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლები საარჩევნო პროცესში ერევიან, არანაირი სტატუსი არ აქვთ, უბეიჯოდ შედიან უბნებზე და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აგიტაციას ატარებენ. რამდენიმე უბანზე იმაზეც იყო საუბარი, რომ თუ ის შედეგი არ დადგება რაც მათ უნდათ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უბნები ჩაშალონ", - განაცხადა ისმაილოვამ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როგორც პარტიაში აცხადებენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ მაჟორიტარობის კანდიდატის სამირა ისმაილოვას წარმომადგენლები, ამომრჩეველს გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ სამირა ისმაილოვას მხარდაჭერის სანაცვლოდ.