"პუტინი ცდის ახალ სტრატეგიას, არჩევნების გზით დაძლიოს დემოკრატიული ქვეყნები, ევროპული დემოკრატიული ქვეყნები კი ვერ ბედავენ თქვან, რომ არჩევნები მოიპარეს."

ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოზე, რუმინეთსა და მოლდოვაზე თავის ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას ცდის.

„რუსეთი საქართველოზე, რუმინეთსა და მოლდოვაზე თავის ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას ტესტავს. ესენი არიან შავი ზღვის პირას მდებარე ქვეყნები, უკრაინის გარდა, სადაც რუსეთმა ომში გამარჯვებასა და უკრაინის კონტროლს ვერ მიაღწია, მათ შორის შავი ზღვის სანაპიროს კონტროლს. ყირიმის ანექსიის შემდეგ, სავარაუდოდ, ეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის სტრატეგიისთვის. უცებ რუსეთი მივიდა იმ მოსაზრებამდე, რომ სამხედრო შეჭრა ძალიან ძვირი ჯდება, რასაც ის კარგად ვერ მართავს და ეს ჩანს უკრაინის მაგალითზე, სადაც ახლა რუსეთს სჭირდება ჩრდილოკორეელების დახმარება. რუსეთმა სირიაშიც ვერ შეძლო მართვა, ამდენად მათი სამხედრო სტრატეგია დღეს ცოტათი არამდგრადია. პუტინი ცდის ახალ სტრატეგიას, არჩევნების გზით დაძლიოს დემოკრატიული ქვეყნები. დემოკრატიაში გაქვს არჩევნები და ევროპული დემოკრატიული ქვეყნები ვერ ბედავენ თქვან, რომ არჩევნები მოიპარეს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.