ოთხმა პარტიამ ერთობლივად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, შესაძლოა, პრეზიდენტის ეგიდის ქვეშ, რათა ვთქვათ, რომ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას, რაც ნიშნავს სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ამაზე, ძალიან დიდი ხანია, დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, მეტიც – იმ გეგმაში, რომელიც წარვადგინეთ, ხუთპუნქტიანი გეგმა, იქ ერთ-ერთი პირველი, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო სწორედ ის, რომ ჩვენ ერთობლივად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ოთხმა პარტიამ, მათ შორის, შესაძლოა, პრეზიდენტის ეგიდის ქვეშ, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას, რაც ნიშნავს სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას. ჩვენი ეს მოპატიჟება, რომ ერთობლივად შედგეს ოთხი პოლიტიკური ძალის მიერ, რჩება ძალაში. შესაბამისად, ვნახოთ, პროცესები როგორ განვითარდება. რადგან ვიღაცებმა ცალკე დაიწყეს, ჩვენც ჩვენი პროცესით წავალთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგია და სწორია, რომ ეს მოხდეს ერთობლივად, ყველა ოპოზიციური ძალის მიერ. რადგან დაიწყო ეს პროცესი, ჩვენც გვექნება ხვალ შესაბამისი ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, რომ, მით უმეტეს, დღევანდელი დღის შემდეგ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც დაუშვებს, რომ ამ პარლამენტში, შეიძლება, ვინმემ დაუშვას თეორიულადაც კი საქმიანობა. ეს პარლამენტი არის თვითლიკვიდირებული, ანუ ეს პარლამენტი იურიდიული, კონსტიტუციური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ამიტომ მე არ წარმომიდგენია, რომ სხვა პოზიცია ექნება ვინმეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.