ჩვენ არ ვიბრძვით აქ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ფიქრობდეს თავის მომავალზე ან პარტიულ მომავალზე. აქ საუბარი არის საქართველო იარსებებს თუ არა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” პარტიულ სიებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სიების ნუმერაცია უფრო შიდა პარტიული საკითხია, ამომრჩევლისთვის ბევრად სხვა საკითხებს აქვს მნიშვნელობა.
„ეს არ არის ის არჩევნები, სადაც შეიძლება, რომ რომელიმე პოლიტიკოსისთვის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის, ჰქონდეს რამეს მნიშვნელობა, გარდა გამარჯვებისა. გამარჯვებაში, ცხადია, ვგულისხმობ ოპოზიციის გამარჯვებას. ხშირად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ან საქართველოს ვათავისუფლებთ რუსული რეჟიმისგან ან ნუმერაციას - ვინ უნდა დაიჭირონ, ვინ უნდა მოექცეს რეპრესიების ქვეშ - პუტინის რეჟიმი დაგვიწერს. ჩვენ არ ვიბრძვით აქ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ფიქრობდეს თავის მომავალზე ან პარტიულ მომავალზე. აქ საუბარი არის საქართველო იარსებებს თუ არა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
სიების ნუმერაცია უფრო შიდა პარტიული საკითხია, ამომრჩევლისთვის ბევრად სხვა საკითხებს აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის სიაში არ ყოფნის საკითხს, მას აქვს ერთერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი. მის მიმართ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი და მის მხარდაჭერას ჩვენი კოალიციის მიმართ მორალური პოლიტიკური დატვირთვა აქვს. სიაში, ზოგადად, პოლიტიკურ შემადგენლობას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და ჩვენ თუ გადავხედავთ “ძლიერი საქართველოს” შემადგენლობას სიაში, ნახავთ, რომ ეს არის უნიკალური თავმოყრა ადამიანების, რომლებიც, პირველ რიგში, ძალიან მაღალი მორალური სტანდარტისა და პატრიოტიზმის ხარისხით გამორჩეული ხალხია უმაღლესი კომპეტენციით სხვადასხვა სფეროში. მარგველაშვილი იღებს კოალიციურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, მაგრამ მისი შემოერთება, პირველ რიგში, არის გზავნილი ხალხისთვის, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდა და არც “ქართული ოცნება”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“ედისონ რისერჩის” კვლევებთან დაკავშრებით, სადაც “ძლიერ საქართველოს” 9,9% აქვს გამოკითხვების მიხედვით, სალომე სამადაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული კვლევები ჯერ კიდევ მანამდეა ჩატარებული, სანამ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შემადგენლობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. მისი განმარტებით, არჩევნებზე კოალიციის მიერ დადებული შედეგი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
“ეს კვლევები ჩატარებულია მანამდე, სანამ კიდევ უფრო გაიზრდებოდა ჩვენი კოალიციის წონა იმიტომ, რომ გიორგი მარგველაშვილის შემოერთება, რომელიც საქართველოში დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოპულარობის მქონე პოლიტიკოსი, ძალიან დიდი ძალაა. ჩვენი სიტყვა და ჩვენი კოალიციის მიერ დადებული შედეგი იქნება გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში”, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისათვის:
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 32%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 11.9%
გახარია - საქართველოსთვის - 11.9%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.9%
ლეიბორისტული პარტია - 5%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4.7%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3.6%
ჩვენ - დავით ქაცარავა - 0.7%
სხვა პარტიები - 0.3%