ევროპარლამენტში ძალიან ნათელი გზავნილი მოვისმინეთ, სად მიაქანებს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას - ამის შესახებ პარტია "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ არავის დაუსვამს ტოლობის ნიშანი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შორის.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, არათუ არ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ უვიზო მიმოსვლას და კანდიდატის სტატუსს შეექმნება საფრთხე.
„ევროპარლამენტში ძალიან ნათელი გზავნილი მოვისმინეთ, სად მიაქანებს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას, შორს ევროკავშირისგან. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ერთადერთი დანიშნულების ადგილია რუსეთი. მოვისმინეთ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, არათუ არ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ უვიზო მიმოსვლას და კანდიდატის სტატუსს შეექმნება საფრთხე და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, იქნება ეს უმრავლესობის 83 წევრი, პოლიცია თუ სხვა სამართალდამცავები ესმოდეს, რომ ვერავინ ამოეფარება ბიძინა ივანიშვილის ზურგს. სწორედ ამიტომ დადგა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში და ვხედავთ, ეს არის ახალი მოვლენაა, რადგან ადრე პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით გზავნილები არ მოგვისმენია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, დღეს ევროპული მომავლის დაბრკოლება არსებობს, რაც არის დაკავშირებული „რუსული კანონის“ მიღებასთან.
„არავის დაუსვამს ტოლობის ნიშანი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შორის, ეს არის ცრუ პროპაგანდა. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ამ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს სამარცხვინო პროპაგანდა აბსურდია, ისევე როგორც სახელისუფლებო არხების სამარცხვინო პროპაგანდა, რომელიც აცხადებს, რომ თითქოს, სააკაშვილის გარშემოა ატეხილი მთელი აჟიოტაჟი. მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო თუ არა, როცა საქართველომ მიიღო სტატუსი? იყო, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ევროპული მომავლის დამაბრკოლებელ სხვა ფაქტორებთან და არაფერი ამას საერთო არ აქვს სააკშვილის დაკავებასთან, ეს უკავშირდება ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს რუსული კანონი, მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ხელახალი გასაბჭოება, გააუქმოს ქვეყანაში დემოკრატია და ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება, რომ ესეთ სახელმწიფოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება. აი, ეს იყო გუშინდელი გზავნილი ევროპარლამენტის მხრიდან და ნუ ატყუებს ხელისუფლება, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც მოერეკება კონტრაქციებზე. კონტრაქციები ბევრი გვინახავს და კონტრაქციებიდან რამდენიმე დღეში დასრულებული ხელისუფლებაც ახსოვს ქვეყანას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.