საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს, ძალის გამოყენების შემთხვევაში კი, პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობა და მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალა.
ამავე დროს, ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება.
„საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ განუმარტავს, რომ მშვიდობიანი შეკრება საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებით არის დაცული. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების დროს მოწოდება – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს.
ამასთანავე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ევალებათ, მშვიდობიანად წარმართონ შეკრება და არ მოუწოდონ მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებისკენ; ხოლო, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით.
აგრეთვე, თბილისის სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეკრებების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობა და მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალა.
ამავე დროს, მედიის წარმომადგენლებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება. სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დადგენილი“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.