საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ირლანდიის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰო მარტინმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას და, ამ კონტექსტში, აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, და ადასტურებენ რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.

"მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ირლანდია და საქართველო გააღრმავებენ დიალოგს  და თანამშრომლობას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და ამ პროცესთან დაკავშირებული  პოლიტიკური, ინსტიტუციონალური და სოციო-ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად; ისევე როგორც თანამშრომლობას ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის, მათ შორის, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სრულად განხორციელების ხელშესაწყობად;

დოკუმენტში ასევე აღინიშნულია, რომ ინტენსიური მუშაობა წარიმართება ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის, კერძოდ, კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, მათ შორის, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გაწეული დახმარების მეშვეობით.

მემორანდუმში ასევე საუბარია თანამშრომლობის გაძლიერებაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის, მათ შორის, ევეროკავშირის ეფექტიანი ჩართულობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაფორმდა. - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.