ცესკო-ს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.
ცესკო-ს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა 14:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვებოდა.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
პრეზიდენტის ასარჩევად 300-წევრიანი კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.