ის, რასაც აქამდე ოპოზიციის ერთი ნაწილი სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით ამბობდა, თუ რატომ არ ვარგოდა სამუშაო ჯგუფები, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა აქეთ შემოგვიბრუნა და სიტყვა - სიტყვით იგივეს გვეუბნება, თუ რა საჭიროა სამუშაო ჯგუფები, როცა პარლამენტის კომიტეტები არსებობს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის აზრით, მმართველ უმრავლესობას ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ისეთ ფორმატში ყოფნა არ სურს, რაც მათთვის წინასაარჩევნოდ წამგებიანი იქნება.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციის არათანმიმდევრულობის შედეგია.
"სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იქნებოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების და დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება გამხდარიყო.
დისკომფორტის გარდა, სამუშაო ჯგუფები იმის ჩვენების შესაძლებლობას იძლევა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს იმ ნაწილში, რაც მათ ძალაუფლებას ეხება და ბერკეტებს ხელიდან აცლის.
ბუნებრივია, ამ პროცესში, თან არჩევნების წინ, "ქართულ ოცნებას" მამხილებელი სამუშაო ჯგუფების შექმნა არ აწყობს. ახლა ასეთი ვითარება მივიღეთ - აქამდე ოპოზიცია გაიძახოდა: - რად გვინდა სამუშაო ჯგუფები, აგერ არის პარლამენტის კომიტეტები. ზუსტად, სიტყვა-სიტყვით იგივე გაიმეორა ხელისუფლებამ, რაც ცინიკურია.
ეს ყველაფერი ოპოზიციის არათანმიმდევრულობას და მის შეცდომებზე მიუთითებს. თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შესრულებს, ძვირი პოლიტიკური ფასი უნდა დაუსვა - ამისთვის კი საჭიროა ყველგან ყოფნა: - სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტებში, სხდომათა დარბაზში და ქუჩაშიც. თუ რაიმე ბერკეტი გაგაჩნია ბოლომდე უნდა ამოწურო და შესაძლებლობები გამოიყენო. ახლა კი დაგვცინიან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.