ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და "სუფრიდან გაგდებული კაცის უშინაარსო გამოსვლას" უწოდებს.
"მოვისმინეთ სუფრიდან გაგდებული კაცის უშინაარსო გამოსვლა გაეროში. არცერთი სიტყვა რუსეთზე. საუბრობს მშვიდობაზე და მის მნიშვნელობაზე საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე. ვერავინ გაიგებს, რა გამიცდილებაზეა საუბარი. რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას გულისხმობს თავი ჭკუით, მაგრამ არა თუ ოკუპანტად, საერთოდ არ უხსენებია რუსეთი.
შარშან თუ შარშანწინ ერთხელ კი წაიკნავლა ღარიბაშვილმა ამ ტრიბუნაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიო, ამისი სიტყვა კი რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის გამოსვლას ჰგავდა. საოკუპაციო ხაზი ახსენა და ეს ხაზი ვინ და სად გაავლო, ვერავინ მიხვდებოდა. პუტინი რომ ეხსენებინა ბრიტანეთის მინისტრის მსგავსად, ის ბიძინა აქ არ შემოუშვებდა, უკან არც ამერიკელები შეუშვებდნენ და მოუწევდა ცხოვრება აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში:)
შეშინებულმა, მაგრამ მაინც გაბედა და თქვა, ღირსება დავიბრუნეთო. მეტი არ განავრცო. იმის თქმა უნდოდა, გავთავისუფლდით ამერიკის და ევროკავშირის დიქტატისაგან და ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნისო.
ყველაზე უღირს და მოღალატე ხელისუფლებას უნდა მივუჩინოთ სულ მალე საკადრისი ადგილი." - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.