დროულად უნდა დაინიშნოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობა დიდი რისკის ქვეშ დადგება, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი წინა მენეჯმენტის პოლიტიკის რევიზიას ეწევა. საეჭვო ციფრული ბანკის გახსნის ნებართვის გაცემის შემდეგ, ამ ბოლო დღეებში კიდევ ორი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ საზედამხედველო ნორმები შეცვალა. კერძოდ, კომერციულ ბანკებს ე. წ. ბაზელ 3-ის მარეგულირებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე დაწესებული ჰქონდათ რისკების დაზღვევის მიზნით ე. წ. კონტრციკლური ბუფერის ანუ სარეზერვო თანხების დაგროვების ვალდებულება. ეროვნულმა ბანკმა ეს მოთხოვნა მათ 2027 წლამდე გადაუვადა და სპეციალური განრიგი დაუდგინა. არგუმენტი ის არის, რომ თურმე “ბანკებს მეტი ფული დარჩებათ”. ეს ხდება ისეთ ვითარებაში, როცა კომერციულ ბანკებს აქვთ უპრეცედენტოდ მაღალი მოგება და ინფლაციისა და ლარის გაუფასურების რისკები კი ჯერაც არ მოხსნილა და სამომავლოდაც მთავარი გამოწვევა იქნება.
ეროვნულ ბანკში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალბატონი ნათია ეწევა ბანკების გულის მოგების პოლიტიკას. ზედამხედველობის ნორმატივების შერბილება ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
ქალბატონმა ნათია თურნავამ დღეს გადადგა კიდევ ერთი ისეთი არასწორი ნაბიჯი, რომელიც ფაქტობრივად სცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს-არ დაელოდა საბჭოს წევრების კომპეტენტური ადამიანებით შევსებას( 9 წევრიდან 4 ადგილი ვაკანტურია) და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნას და თავად დანიშნა ორი ვიცე-პრეზიდენტი, რითაც ფაქტობრივად მოუსპო მომავალ პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტების შერჩევის შესაძლებლობა. დღეს დანიშნული პირებიდან ერთ-ერთი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ანუ თავად ქალბატონი ნათია თურნავას ყოფილი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტმა და მმართველმა პარტიამ როგორმე უნდა გამონახონ კომპრომისის გზები და დროულად დანიშნონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობა.