თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ! თქვენ არასდროს, არასდროს არ მდგარხართ საქართველოს მხარეს. თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" წევრები ოპოზიციას არც რუსის ძახილს აპატიებს და არც მოღალატის.
„ოპოზიცია, რომელიც აქციებზე ბუჩქებში იმალება, ცხადია, პროვოკაციებით არის წარმოდგენილი. ამიტომ, არ უნდა ავყვეთ. ეს მათი უღირსი დღის წესრიგია, რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ. ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაც თვითონ არიან, იმას უძახიან და აბრალებენ სხვას. მაგრამ ყველამ კარგად იცოდეთ, რომ არასდროს გაგიტარებთ და არავის არ გაპატიებთ არც რუსის და არც მოღალატის დაძახებას. იმიტომ, რომ თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ! თქვენ არასდროს, არასდროს არ მდგარხართ საქართველოს მხარეს. თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, „კასრის სინდრომიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის“.
„უჩა აბაშიძის მორალის ხალხი გამოდის დღეს და კიდევ ბედავს, რომ მორალზე გველაპარაკოს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს დანაშაული ყველაზე ამორალური დანაშაულია, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. მაგრამ ამაზე უფრო ამორალური იყო ის გამართლების მცდელობა, რაც ამ პოლიტიკური უმცირესობას ჰქონდა ამ საქმეზე და რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავდა. ამით ყველა მივხვდით, რომ „კასრის სინდრომიდან“ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის. უბრალოდ, ადრე თუ სხვის საძინებლებში ვარდებოდნენ და იქ ამონტაჟებდნენ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში შედიან და იქ ამონტაჟებენ იმავე მიზნებისთვის და ამოცანებისთვის“,- განაცხადა რატი იონათამიშილმა.