„ნაციონალური მოძრაობა“ არის ოფშორული ორგანიზაცია, რომელსაც „მისტერ ოფშორი“ მართავს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე დღეს არის კეზერაშვილი.
„არც ხაბეიშვილი, არც ვაშაძე და არც სხვა რომელიმე, თავმჯდომარე არის კეზერაშვილი. ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია კი არ არის, ეს არის ოფშორული ორგანიზაცია და მას „მისტერ ოფშორი“ მართავს. შესაბამისად, ეს არის უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ დიაგნოზი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი რადიკალურ ოპოზიციაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლარიზაციის გაღრმავებას მიესალმება.
„მივესალმებით პოლარიზაციის გაღრმავებას რადიკალურ ოპოზიციაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“. ისინი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ, პოლარიზაცია და რადიკალიზაცია ქართულ პოლიტიკაში ყოფილიყო, მაგრამ ამ პროცესებმა დღეს უკვე რადიკალურ ოპოზიციასა და განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაინაცვლა. ამიტომ, ეს მხოლოდ მისასალმებელია ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, მელიას ფლანგის არსებობა საერთოდ ძალიან უხერხულია.
„საკუთარ პარტიაში როდესაც არჩევნებს ხაბეიშვილთან წააგებ, ელემენტარული თავმოყვარეობა უნდა გეყოს და ქართული პოლიტიკიდან წახვიდე. იმიტომ, რომ ხაბეიშვილთან წაგება ეს არის ერთგვარი დიაგნოზი და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე რომ საუბრობენ, ძალიან უხერხულია. ელემენტარულად, ის გადაწყვეტილება ვერ მიუღიათ, დარჩნენ, თუ წავიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და როდესაც სხვის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობენ, უკვე საზოგადოებამ შეაფასოს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.