ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ამას ვერ გავამართლებ და ვერც ავუკრძალავ, მაგრამ მგონია, თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწად-ნახევარია, ყოველდღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ტყუილის გამო დასჯაზე თუა საუბარი, მგონი, ხაბეიშვილს ბევრი ადამიანის დასჯა მოუწევს ოპონენტებისა და თანაპარტიელების ჩათვლით. მგონი, თავადაც ჰქონდა გაკეთებული განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით 00:00 საათზე, რომ დრო აღარ ითმენს და ხვალ თუ არაფერი მოხდებაო. მაშინ ის ან მოატყუეს, ან თვითონ მოიტყუა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იტყუებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ  „ხელები მიემტვრევა ყველას, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებს“.