"ქართული ოცნება" ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემის ანონსის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ყალბი და მანიპულაციურია.
"ქართული ოცნება" განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სიუჟეტის ავტორს დეტალურ განმარტებას აძლევს ახალ ოფისთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, ინტერვიუს მცირე ნაწილი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს.
"გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება.
მიუხედავად ამისა, ანონსში საუბარია იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და ა.შ., მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს მცირე ნაწილი კი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მისგან მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს.
თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ვაქვეყნებთ სრულად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, რითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, როგორი არაეთიკური, უხეშად მანიპულაციური მეთოდებით და ყოველგვარი ჟურნალისტური და მორალური სტანდარტების დარღვევით იბრძვიან კოლექტიური ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები." - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.