პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომელიც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს მიერ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. პროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება უხამსობის, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება კომისიაში. კომისია ასევე უფლებამოსილი იქნება, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელებისას, ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს რეაგირება და დამრღვევს, კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ცვლილება საბოლოოდ სასამართლოში გასაჩივრების საშუალებასაც იძლევა.