დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის  დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას. - ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ ერთი, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე, საბოლოოდ გვინდა დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი  საქართველოში და სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

 თქვენ იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ გააკეთებს რა თქმა უნდა ყველაფერს იმისათვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

 ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ასეთი თავდასხმა განხორციელდა პარლამენტარ ბექა ოდიშარიაზე. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ვინმე პაპაშვილი, ასევე, ჯანდაცვის მინისტრს მაგალითად თავს დაესხა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, ვინმე ჩხობაძე, პარლამენტარ დაჩი ბერაიას თავს დაესხა ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, ვინმე ანანია, რომელმაც როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით „გაითქვა“ სახელი და ა.შ. ასეთი რამდენიმე ინციდენტი იყო სამწუხაროდ. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს სამწუხაროდ და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.