ჩვენი ხალხი ყოველდღე ხედავს, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ბაკურიანში ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, პარტიამ აირჩია ახალი თავმჯდომარე და მათი ეს ყველა უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა.
„ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი ეს უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ, საქმე და ვემსახუროთ ქვეყანას, ჩვენს ხალხს. რაც ჩვენს ხალხს სჭირდება, მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ. ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის, რას გეგმავენ. ჩემთვის მთავარია, რომ ყველა გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ეს ყველა საკითხი მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.