ძალიან წარმატებული, შინაარსიანი შეხვედრები იყო, განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინა და ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ იცის როდის დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში გამართული განხილვების შემდეგ ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს გამოწვევები.

„განვიხილეთ უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები, რომელიც შექმნა ამ ომმა, რომელიც გადამდებია მთელი ევროპისთვის, რეგიონისთვის და რომელიც არიოს გადამდები მათთვის, რომელთაც გვაქვს ტერიტორიული, უსაფრთხოების პრობლემები. მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, აქაც განხილვის თემა იყო უსაფრთხოების საკითხები, კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება ამ ოკუპაციას. ასევე, მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, მაშინ არავის გამოუთქვამს ინიციატივა დაეკისრებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ, ეს იყო შეცდომა და ამის შედეგებს ვიმკით დღესაც. ყველა მეთანხმებოდა ამ შეფასებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.