მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა.
"მინდა, ოფიციალურად წარმოგიდგინოთ სამსახურის ახალი ხელმძღვანელი - ბატონი გეკა გელაძე. მინდა, ხაზი გავუსვა უამრავ ცვლილებას, რომლებიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა და თქვენ იცით, რამდენად დიდი იყო ბატონი გეკას წარმატებები სხვადასხვა პრინციპული მიმართულებით. ხშირად ვსაუბრობთ რთულ მიმართულებებზე, მაგალითად, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ასევე მიგრაციის კუთხით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. პრინციპულად შეიცვალა მიდგომები, პოლიტიკა და ამის შედეგებს ხედავს საზოგადოება. მე მინდა, მას მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება. ის ახალი არ არის ამ სამსახურში, შესაბამისად, ძალიან კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა,"- აღნიშნა პრემიერმა.










