საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლისა და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ნოდარ ათუაშვილმა პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და 5 ადამიანი დაიჭრა, რის შემდეგ თვითლიკვიდაცია განახორციელა.