არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაფრთხილებდით. დღეს თუ, თეორიულად, დავთმობთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, ხვალ შეიძლება პირდაპირ მოგვთხოვონ კონკრეტული ცვლილებების გატარება, რაც უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, პარტნიორობის დაკანონებას, ასევე სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას, ერთნაირქსესიანთა წყვილის მიერ არასრულწლოვანის  შვილად აყვანას და ა.შ. მომავალში ასეთ რამ შეიძლება მოითხოვონ. ამას ვამბობდით წინასწარ და პრაქტიკულად, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა რაც აღნიშნა, ეს ზუსტად ამას ნიშნავს. ხვალ ასეთი მოთხოვნებიც შეიძლება დაგვიყენონ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ. ამიტომ, ჩვენ თავიდანვე უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები და ყველას უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.