2019 წლის ივნისის ბოლოს გადაწყვეტილი იყო კონკრეტულ მომენტში გიორგი გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან და ეს იყო მათ შორის ჩვენი მოთხოვნა, თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა, 15 წუთი ითხოვა მოსაფიქრებლად მაშინ გახარიამ და ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2019 წლის ივნისის ბოლოს გადაწყვეტილი იყო კონკრეტულ მომენტში გიორგი გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, ეს იყო მათ შორის ჩვენი მოთხოვნა, მეც ვიზიარებდი ამ მოთხოვნას და გუნდის არაერთი წევრი ითხოვდა ამას. ეს პროტესტი არსებობდა და მიგვაჩნდა, რომ მიზანშეწონილი იყო ქვეყნისთვის პირველ რიგში და ასევე გუნდისთვის მისი გადადგომა, თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა, 15 წუთი ითხოვა მოსაფიქრებლად მაშინ გახარიამ და ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“. მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ჩვენ ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ გახარიასგანაც გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა, მოვლენები დაუბრუნდა იმ კალაპოტს, რომელსაც უნდა დაბრუნებოდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება. იქაც ამ ქვეყანას ხელოვნურად არყევდა სწორედ „დიფ სთეითი“. ასეთ კომპრომისებზე ჩვენ აღარ მივდივართ უკვე ოთხი წელია და ამაზეა გამწარებული ეს ხალხი.
მთავარი მიზეზი, რატომაც ჰქონდა რევოლუციის ოთხი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, სწორედ ეს არის, რომ ასეთ კომპრომისებზე აღარ მივდივართ და გახარიები აღარ გვყავს გუნდის ლიდერებად. ამ მიზეზის გამო 4-ჯერ მოგვიწყვეს რევოლუცია, ქვეყანას არ ასვენებენ 4 წლის განმავლობაში. ეს საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.