როგორც შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელ დღის წესრიგში რამდენიმე თემაა, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილება და საერთო სასამართლოების კანონზე მსჯელობა.
„დღეს ვთხოვეთ, რომ ამ სხდომას დაესწრონ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რათა მათთან ერთად განვიხილოთ, რა შეიძლება, შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ამ მხრივ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და გავცვლით მოსაზრებებს. საფუძველი მსჯელობის არის, ვენეციის კომისიის დასკვნა სხვადასხვა საკითხებზე, ასევე თუკი დამატებითი იდეები არსებობს, ამისთვისაც მზად ვართ მოვისმინოთ. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, როდესაც ვსაუბრობთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე. ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მხრიდან.
„რეკომენდაციებს ჩვენ ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება, გავითვალისწინოთ, შეიძლება, არ გავითვალისწინოთ. ჩვენ გვაქვს ერთი მიდგომა, რომლითაც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, რატომ. ეს არ გახლავთ დირექტივა და არ გახლავთ დოგმა, ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს არის ყოველთვის მსჯელობის საკითხი. როდესაც არ ხდება გათვალისწინება, მაგალითად როგორც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ჩვენ ვხსნით და განვმარტავთ კიდევაც, რატომ არ ვითვალისწინებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი არგუმენტი უფრო წონადია ამ დროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.