პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კენჭისყრის დროს, სადაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა მიმდინარეობდა, რამდენიმე კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის თავმაჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის პროცედურა განმარტა: "როგორც იცით, არის 5 ვაკანსია, კენჭი ეყრება 29 კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მინიმუმ 90 ხმას. იმ შემთხვევაში, თუკი, დარცება, ან ვერ აირჩევა კანდიდატი, იქნება ვაკანსიები, არის გათვალისწინებული მეორე ტურიც, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. დარჩენილი ვაკანსიების ორმაგი ოდენობის კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი."

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

საერთო ჯამში კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა, რის გამოც კენჭისყრები შეწყდა და ტექნიკური შესვენების შემდეგ გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბოტაჟია ოპოზიციის მოქმედება, ჩააგდოს კანდიდატები.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრის ადგილია ვაკანტური.