საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი დეზინფორმაცია და ტყუილი. როს გამოც საელჩო იძულებული გახდა განცხადება გაევრცელებინა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გავრცელებული დეზინფორმაციით ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც.
„ჯერ ზოგადად მნიშვნელოვანია, ეს თემა საერთოდ როგორ გახდა განხილვის საკითხი. სამწუხაროა, რომ ვნახეთ, რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი, იყო საკითხი, რომელზედაც არანაირი არც მონაცემი, ან ვინმეს მოსაზრება, ან რაიმე ფაქტი არ არსებობდა. თუ არ ვცდები, ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა თუ დაადასტურა, გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი დეზინფორმაციით რომ არის დაკავებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თან ასეთ საკითხებზე, რომელზედაც აშშ-ის საელჩოსაც კი მოუწია განცხადების გაკეთება. არ ვიცი, ერთი მხრივ, ასეთი ბორდის წევრი რა ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მეორე მხრივ, აჩვენებს, ჩვენი ოპოზიცია როგორ კანდიდატებს არჩევს ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. იმედი მაქვს, ბოდიშს მოიხდის ეს ადამიანი.
იმედი მაქვს, გუშინ გაეცანით აშშ-ის საელჩოს განცხადებას. არათუ მე, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ასეთი პირდაპირი ტყუილებით, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, გარდა ერთი ადამიანის მონაჭორისა, ასეთ ტყუილზე რომ ეწყობა სიუჟეტები და შემდეგ ხდება დღის განხილვის თემა, ეს შორს არის არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდის წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.
მოგვიანებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია
.