პატიმრების უხარისხოდ კვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. პენიტენციურმა სამსახურმა შპს "ილი ჯგუფს" ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
პაატა სალია არ გამორიცხავს სასამართლო დავასაც. მინისტრის თქმით, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ დროის განმავლობაში კი ახალი ტენდერი გამოცხადდება.
"ამ კომპანიასთან ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად გართულებული ურთიერთობა, ისინი ხშირად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული. მათთან ხელშეკრულება შეწყდა. დღეის მდგომარეობით, მოხდა ბაზრის კვლევა და შესაბამისად, ბაზრის კვლევით გამოვლენილი იქნა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება რამდენიმე თვით. ამ პერიოდშიც უკვე გამოცხადდება ტენდერი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორ ნაწილად გავყოთ ეს ტენდერი და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე გადავანაწილოთ. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ანუ, ხელს შევუწყობთ უფრო კონკურენციას და ეს მომავალში, თავისთავად, გადაგვაზღვევს ისეთი შემთხვევებისგან, რაც "ილი ჯგუფთან" გვქონდა," - აცხადებს პაატა სალია.










