პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ევროკომისიისადმი გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. წილოსანის ცნობით, წერილის ხელმომწერთა შორის არიან სერგი კაპანაძე, შოთა უტიაშვილი, თამარ კინწურაშვილი, ეკატერინე ტყეშელაშვილი, თემურ იაკობაშვილი.

როგორც ნინო წილოსანი წერს, წერილში ჩამოთვლილია შემდეგი მოთხოვნები: „ევროკავშირმა არ აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება; სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის; ⁠სახელმწიფოს წარმომადგენელი თანამდებობის პირებისთვის დიპლომატიური ვიზების გაუქმება და მათი იზოლაცია. ამ ყველაფრის საპირწონედ კი ითხოვენ „ენჯეოებისა“ და ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ქცეული მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას“.

წილოსანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მინისტრთა ყოფილი კაბინეტი „ქართულ ოცნებას“ ებრძვის.

„„ნაციონალების“ რეჟიმის დროს დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ახლა თავს არასამთავრობო ორგანიზაციებად ასაღებენ და ამ ქოლგის ქვეშ არიან შეფარულები, აგზავნიან ბრიუსელში წერილს, სადაც ხელისუფლების დასანქცირებას, საქართველოს დასჯას, ქართველი ხალხის არჩევანის იგნორირებას და მსგავსი შინაარსის უსაფუძვლო, უსამართლო და ყოვლად არაქართული პრინციპების მოთხოვნებს აგზავნიან.

რა თქმა უნდა, არახალია მათი მხრიდან ასეთი მოთხოვნები. „ნაციონალური მოძრაობის“ მინისტრთა ყოფილი კაბინეტის ჯანყი და ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გრძელდება და ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ახლა ალბათ ყველა ადევნებთ თვალს, იმ გააქტიურებული პოსტსაარჩევნო აქციების ფონზე, როგორ აქტიურდება მათივე არასამთავრობო სექტორი, არასამთავრობოებად წოდებული ადამიანები, ვინც ნაცების რეჟიმის დროს მონაწილეობდნენ ხალხის ხოცვაში, ჟლეტაში და ყველა იმ მავნებლობაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა“, – აღნიშნა წილოსანმა.