„ზოგადად, კანდიდატის დახასიათებას მისი განათლებით და კვალიფიკაციით იწყებენ, თუმცა რადგან ყველანი ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე, მათ შორის ოპოზიციაც, მის პოლიტიკურ პროფესიონალიზმზე შევჩერდები“ , - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს.
ნინო წილოსანმა ოპონენტებს მიმართა და სხვადასხვა წლებში არჩევნების შედეგები შეახსენა.
„ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვფიქრობ არაფერს ვიტყვი, ისეთი ინფანტილურობით და ისეთი მეცადინეობით სწავლობენ ნორმალური ქცევის წესებს, ეკონომიკური პოლიტიკის ცოდნაზე ალბათ ჯერ ადრეა საუბარი. ეს არის პოლიტიკური რეალობა, ამის ფონზე არც ერთი ადამიანი არ მეგულება პარლამენტის დარბაზში, ვინც ირაკლი კობახიძის მხარდაჭერის სისწორესა და უპირატესობაში არ იყოს დარწმუნებული.
გულწრფელად მინდა გითხრათ, ბოლო 8-წლიანი პერიოდი მარტივი არ ყოფილა. პირიქით, ბევრი სიბინძურე, ცრუ ბრალდებები და ტალახი იყო. პირადად ირაკლი კობახიძე იყო თქვენი მუდმივი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა, მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო, და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს ეს სირთულეები გადაელახა.
კოლეგები დამეთანხმებიან, ყოფილა მომენტები, როცა ირაკლი კობახიძის ფაქტორი გადამწყვეტი იყო საპარლამენტო უმრავლესობის მდგრადობაში, იმიტომ, რომ ვენდობოდით და ვიცოდით, მისი ნაბიჯები არის სწორი და სახელმწიფოებრივი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო საქმიანობისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისა და მეგობრობისთვის. წარმატებები მას ახალ პოზიციაზე!“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.