პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც დეპუტატების დაპირისპირების, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს თინა ბოკუჩავას სხდომათ დარბაზი დაატოვებინოს, რადგან მან კოლეგაზე ფიზიკურად იძალადა:
"თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი, მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა... თმებით... არ ვიცი რა ვუწოდო, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა. ჩვეულებრივი ქალი-ალქაჯი. მოვითხოვ - ადამიანსაც ვერ ვუწოდებ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა"- მიმართა ნინო წილოსანმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ლევან ხაბეიშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დიმიტრი სამხარაძემ და ლევან ხაბეიშვილმა.
მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციას შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა, რის გამოც ამ დროისთვის სხდომა ვერ გრძელდება.