აქციებმა დაგვანახა, რომ ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ოპოზიციის მიერ არჩევნების წაგებას აცნობიერებს, ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა აღარ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აქციების დაგეგმვის პროცესი ძალიან სასაცილოდ მიმდინარეობს და აღარავის სურს, „ამ სიგიჟეში მიიღოს მონაწილეობა“.
„აქამდე თუ ვიტყოდით, რომ რეპუტაციისგან და გარკვეული მორალისგან დაცლილია, ახლა შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ინტელექტისგანაც დაცლილია. ოპოზიციის გეგმა, რომელიც არ არსებობს და რომელსაც ნამდვილად ვერ შესთავაზებენ, ამ დაბალი ინტელექტის ნათელი მაგალითია. ზურა ჯაფარიძე საკუთარ მხარდამჭერებს რაღაც უნიკალური, გამორჩეული გეგმის შეთავაზებას ჰპირდება, თუმცა, ვეჭვობ, მისი რესურსი მხოლოდ და მხოლოდ ისეთ აქტივობას სწვდება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გააკეთა. ამაზე მეტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ მათ მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მორალი აძლევთ უფლებას, ყოვლად წარმოუდგენელი, გაშვებული პოლიტიკოსების გვერდით იდგნენ და ის უმსგავსობები აკეთონ, რასაც, განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ.
ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებმა კარგად დაგვანახა რამდენიმე რამ: ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო. შესაბამისად, ისინი აქციებზე არ გამოდიან და აქციებს სათანადო მუხტი არ აქვს; ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა აღარ აქვს. წინასაარჩევნო განცხადებებში მათი პატრონების მიერ ჩადებული რესურსი იყო, როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით დამარცხებული, წაგებულია, მხარდაჭერა გარედანაც დაიცალა. ამ დღეების განმავლობაში იმდენად წარმოუდგენელ, ამორალურ, ბინძურ და სადისტურ მოქმედებებს ახორციელებენ, რომ ახალი ადამიანების მობილიზებას ვერაფრით შეძლებენ. აქციების დაშლას წინ უძღვის და აქვს ის შინაარსი, რომ ოპოზიციის მხარეს არ არსებობს მხარდაჭერა სიგიჟის, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აღარავის უნდა, ამ სიგიჟეში მიიღოს მონაწილეობა. მით უფრო, რომ აქციების დაგეგმვის პროცესი ძალიან სასაცილოდ მიმდინარეობს“, – განახადა ნინო წილოსანმა.