საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ 2030 წლამდე დაახლოებით გაანახევროს საკუთარი გაფრქვევები, იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილების მიმართულებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“

„ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი კონფერენციაა, რომელიც დღეიდან დაიწყო ქალაქ ბაქოში და რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხებს შეეხება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილება უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და დღეს აღარავინ დავობს, რომ მას უარყოფითი ზეგავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ეკონომიკის სექტორებზე. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ მსოფლიო ლიდერები ბაქოში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დელეგაცია იმყოფება. ძალიან აქტიურია საქართველოს მონაწილეობა ამ პროცესებში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და რა თქმა უნდა, სათქმელიც ძალიან ბევრი გვაქვს. დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც ჩვენ გვაქვს კლიმატის ცვლილების მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ 2030 წლამდე დაახლოებით გაანახევროს საკუთარი გაფრქვევები, იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილების მიმართულებით. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, გამოაცხადა, რომ ის გახდება გაფრქვევებისგან ნეიტრალური ქვეყანა 2050 წლისთვის და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა პრემიერის მხრიდან, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთ-ერთი მოწინავე განახლებული ენერგიების წარმოების მიმართულებით. ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოს გეგმაა, რომ ჩვენი ელექტროენერგიისა და ენერგომოხმარების 27% იყოს განახლებადი ენერგია“,- აღნიშნა თანდილაშვილმა.