საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიზიტით იმყოფება, პირველი შეხვედრა უკვე გამართა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, პირველი შეხვედრა სენატორ დეინსთან შედგა.
„დღეს დაიწყო ჩვენი შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველი შეხვედრა გვქონდა სენატორ დეინსთან, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს. ჩვენ საუბარი გვქონდა რა თქმა უნდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. ასევე დავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ, ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.
ბატონმა დეინსმაც აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომპონენტი იყოს ძლიერი და საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობდეს ძლიერი არა მხოლოდ ორმხრივი ძლიერი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, არამედ საქართველო იყოს დანახული, როგორც გამტარი, როგორც რეგიონის ცენტრი.
შესაბამისად, ჩვენ საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იქნება გამოკვეთილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა.
„ვიზიტის დროს საუბარი გვექნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვა კონგრესმენებთან და შესაძლებლობა გვექნება, ვესტუმროთ ანალიტიკურ ცენტრებს, სადაც გაიმართება დისკუსიები საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.










