სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატიაში და ყველაზე მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რაც კი შესაძლებელია. - ამის შესახებ მსჯავრადებული ტვ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატიაში და ყველაზე მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რაც კი შესაძლებელია. თავისი მასშტაბით და პოზიტიური ეფექტით აღემატება ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას თუ სხვა სახის მხარდაჭერას.
ასე მუშაობს ლიბერალური დემოკრატია!დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტ ბაიდენს და სახელმწიფო მდივან ბლინკენს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ელჩი დეგნანის გადაწყვეტილება, გუშინდელი ისტორიული მოვლენის მომდევნო დღესვე ინტერვიუ მიეცა მთავარი არხისთვის. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ამ გზავნილის შინაარსი. გასაგებია და ძალიან ვაფასებთ. დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩ დეგნანს. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ არა კონკრეტულად ამ საკითხში, არამედ გლობალურად ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა რომ არ დაბრუნებულიყო მსოფლიოს დღის წესრიგში, ამგვარი რევოლუციური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო დაიგვიანებდა. სწორედ ამ რაკურსით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ამ რევოლუციური საკაცობრიო ცვლილებების ავტორს - გმირ უკრაინელ ხალხს და გმირ პრეზიდენტ ზელენსკის.გუშინდელმა დღემ ცხადი გახადა, რომ ამ ქვეყანას ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ ეყოლება იმგვარი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად დემოკრატიის მშენებლობას და განმტკიცებას არ აღიარებს.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ხალხს ამ მიმართულებით სვლაში, და მხოლოდ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული, დემოკრატიის წინაშე ვალდებულებით შეზღუდული, თავისუფალი და პატრიოტი პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერების წინამძღოლობით.
p.s. საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი სახელმწიფო დეპარტამენტს და ლევან მურუსიძის გამოსვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იდენტური გზავნილების შემცველია: “„საქართველოს აშშ ართმევს სუვერენიტეტს და სურს სასამართლო ხელისუფლების მიტაცება”. ეს პროპაგანდისტული გზავნილი არის უკიდურესად სახიფათო. ეს არის პირდაპირი და უმოკლესი გზა რუსეთისკენ. ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატია. სისტემა უნდა დაინგრეს!საქართველო უნდა გათავისუფლდეს!ნიკა #212 - ე საკნიდან"