„ქართული ოცნება“ არის არათავისუფალი ადამიანების ერთიანობა. ვერ ვილაპარაკებ მათ შესაძლებლობებზე, განათლებაზე, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველომ გვითხრა რა არის მისი მომავალი და მომავალი კომუნიცირებს გარე სამყაროსთან, როგორც თანაბარი, ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა. ჩვენ ვერ კომუნიცირებთ დასავლურ სამყაროსთან, როგორც თანაბრები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრავმები, ჩვენი კომპლექსები, იქიდან ვართ, რაც დასავლეთის თანაბარი არ ყოფილა არასდროს და ეს ხალხი არ არის იქიდან, ესენი პოზიციონირებენ, როგორც თანაბრები და მათ იციან, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარებენ უფრო მარტივად, ვიდრე ამერიკიდან მათი თანატოლები, თუ ისინი უფრო მეტად დაიმსახურებენ ამას. მათ აქვთ ეს თანაბრობის შეგრძნება და მათი საკომუნიკაციო ენა სამყაროსთან არის თავისუფლების, თანასწორობის ენა. ჩვენ ბოლო-ბოლო მივხვდეთ ამას, რომ მათ უნდა მივბაძოთ და ასეთივე ენით შევეცადოთ ლაპარაკს. არ გამოგვივა ამ ხარისხით, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას მაინც უნდა ვეცადოთ და „ქართული ოცნება“ არასდროს არ წავა ამაზე და ვერ წავა ამაზე. „ქართული ოცნება“ არის არათავისუფალი ადამიანების ერთიანობა. ვერ ვილაპარაკებ მათ შესაძლებლობებზე, განათლებაზე, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის არათავისუფალი ადამიანების ერთობა. ბიძინა ივანიშვილი საკუთრივ არის არათავისუფალი“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.