გია ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა გია ბარამიძის მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.
„გია ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება. პროკურატურა რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, არც ამას სჭირდება მტკიცება. ის, რომ გიას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, ჩემი აზრით, არც ამას სჭირდება მტკიცება, მაგრამ ის რაც ითქვა, თავისთავად, ცხადია, სინამდვილეს არ შეესაბამება. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა დანაშაული და ღალატი სულ სხვა კატეგორიებია და ასე ეს არ ხდება. მით უმეტეს, გიას შემთხვევაში, რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, პირადად ვიცნობ და მისი პოლიტიკური ფიგურისთვის თვალი მიდევნებია, სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის. შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, მისი პატრიოტიზმია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.








