კოლოსალური შეცდომაა, რაც მაშინ ხელისუფლებამ ქნა და მეც ვიყავი ამაში ჩართული. ადამიანებმა უნდა იფიქრონ საკუთარი ქმედებების შედეგებზე, მათ შორის როცა მიიჩნევენ, რომ მართლები არიან. ჩვენი შეცდომები მარტო ჩვენს მოწინააღმდეგეებზე არ გადადის, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ყველაფერი ჩვენს შვილებზეც გადადის - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემთან შემოჰქონდათ კვირაში ორჯერ ფეისბუქის ამონაბეჭდები. შემხვდა ზუკა ბერძენიშვილის, დათოს შვილის სტატუსი ჩემზე. ეს ტიპიო ჩემი ბავშვური ტრავმების მთავარი შემოქმედიაო, სხვათა შორის ამისთვის ბოდიში არასოდეს მოუხდიაო და ეს ტრავმები ცუდად მახსენდებაო, მერე იყო ჩემზე პოზიტიური შეფასება... მივხვდი, რომ ადამიანებმა უნდა იფიქრონ საკუთარი ქმედებების შედეგებზე, მათ შორის როცა მიიჩნევენ, რომ მართლები არიან საკუთარ ქმედებებში. მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ეს იყო არასწორი. ლევანისთვისაც მაქვს ბოდიში მოხდილი, თუ არ ვცდები დათოსთვისაც. კოლოსალური შეცდომაა რაც მაშინ ხელისუფლებამ ქნა და მეც ვიყავი ამაში ჩართული და რომც არ ვყოფილიყავი, მაინც ბოდიშია ამაზე მოსახდელი, მაგრამ მივხვდი, რომ შვილებისთვის არის მთავარი ბოდიში მოსახდელი ასეთ ვითარებებში და ბოდიშს ვუხდი ზუკას აქედან. წარმოვიდგინე ჩემი შვილები, რომლებმაც ზოგადად გაიარეს ის რაც გაიარეს,თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით შეცდომა არავის დაუშვია ჩემი შვილების წინაშე. მე ზუკას და მისი მშობლების წინაშე შეცდომა დავუშვი, მაგრამ ჩემი შვილების წინაშე დანაშაულები ჩაიდინეს. ანუ ჩვენი შეცდომები მარტო ჩვენს მოწინააღმდეგეებზე არ გადადის, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ყველაფერი ჩვენს შვილებზეც გადადის“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.