"თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი. ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ", - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მუხლით ბრალდება ხელოვნურად იმის გამო წარუდგინეს, რომ ის მეტ სანქციას ითვალისწინებს.

„აქციის მსვლელობისას თუკი მოქმედება კანონის ფარგლებს სცილდება, ამის შესაბამისი მუხლები არსებობს. ეს მუხლები 317-ე და 222-ე მუხლები წარდგენილი გვაქვს.

თუკი, მე მანიფესტაციის ფარგლებს გავცდი და ამის გამო უნდა დავისაჯო, ამისთვის ბრალი წარდგენილი მაქვს. ეს გასაგებია, ამაზე დავა სასამართლოში უნდა გაიმართოს, მაგრამ 225-ე მუხლი, რომელიც ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მუხლია მარტივად რომ ვთქვათ, სანქციებითაც განსხვავებულია. თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ - ყველას ვაჩვენებ, რომ ესენი ბანდიტები არიანო, ასე არ არის ჩემო კარგებო“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ პროცესზე.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.