კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის წინ პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა, გამომდინარეობს იმ კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, - მიმართა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ოპონენტს, თსუ-ს პროფესორს, ლევან გორდეზიანს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ დისკუსიისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმა იმ კონცეფციიდან გამომდინარეობს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 4 თვის წინ წარადგინა და უკმაყოფილება მხოლოდ ახლა ისმის.
„იმავე დღეს, როგორც კი კონცეფციის წარდგენა მოხდა და პრეზენტაცია დასრულდა, ის აიტვირთა და საჯაროდ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი.
აბსოლუტურად ყველას ვეუბნებოდით, რომ თუ რაიმე არგუმენტი, პოზიცია, შეხედულება გაქვთ, წარმოადგინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო, რომ კანონმდებლობა ყოფილა ფრაგმენტულია რიგ შემთხვევებში აბსოლუტურად აბსურდული.
მე გეტყვით, აბსურდული რა კანონმდებლობაა. აბსურდული ის კანონმდებლობაა, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო და 7 ნაწილად გვაქვს წარმოდგენილი, დღეს განათლების და მეცნიერების სფეროს 7 კანონი არეგულირებს, რომელიც იმდენად არ პასუხობს დღევანდელ რეალობას, რომ ჩვენ საგაზაფხულო სესია იქნება თუ საშემოდგომო, სულ გვიწევს ცვლილებების შეტანა.
ამიტომ ახლა ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელიც სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე უკვე კოდიფიცირებულ ვერსიაში, რომელიც უპასუხებს ერთიან სტანდარტს, წარედგინება პარლამენტს განსახილველად”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.











