ჩვენ მივისწრაფვით, რომ შევქმნათ იდეალური სახელმწიფო. აუცილებელია, რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„დამისახელონ ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ანალოგიური ქმედებისთვის არ იქნება დასჯილი მოქალაქე, რა ქმედებებსაც სჩადიან ესენი, როცა ათეულობით ადამიანს შეუძლია ცენტრალური გამზირი გადაკეტოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხვა ქვეყნებში მსგავს ქმედებაზე გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს.
„ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება იმ სახელმწიფოსი, გაცილებით მკაცრი კანონებიც არის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქუჩის გადაკეტვით გარე ძალებისგან დაფინანსებულები პროტესტის ფონს ქმნიან.
„ფონს ქმნიან, რომ პროტესტი არის საქართველოში. აი, ხომ ხედავთ 325-ე დღე, ხალხმა ისევ გადაკეტა გამზირი, წარმოიდგინეთ ევროპელი მოქალაქე რომ უსმენს, ცენტრალური გამზირი იკეტება, ე.ი. მართლა პროტესტია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.









