საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“  საქართველოს კონსტიტუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის  ნათლად აყალიბებს უფლებებსა და ღირებულებებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპულ ღირებულებათა დიდი ნაწილი ქრისტიანული სწავლებებისა და მოძღვრების იდეებზეა დაფუძნებული და სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ.

 მისივე თქმით, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ევროპელი ბიუროკრატები და ძირითადი ევროპული ღირებულებები.

 „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონსტიტუცია ნათლად აყალიბებს ჩვენს უფლებებსა და ღირებულებებს. გერმანიის კონსტიტუცია ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, უფლებების დაცვას. ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცია მიუღებელია. ევროპულ ღირებულებათა დიდი ნაწილი სწორედ ქრისტიანული სწავლებებისა და მოძღვრების იდეებზეა დაფუძნებული.

 ქართველები საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ევროპელი ბიუროკრატები და ძირითადი ევროპული ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანულ პრინციპებსა და ტრადიციულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

 მმართველი პარტია ქორწინებას მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირად აღიარებს. ჩვენი პოლიტიკა ტრადიციული ღირებულებების დაცვასა და ახალგაზრდა თაობის ლგბტ თემის პროპაგანდისგან დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.