საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა. პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებსა და ბაზაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
მიხეილ ყაველაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. პრეზიდენტს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
„დღეს ვესტუმრე ვაზიანის სამხედრო ბაზას, სადაც აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი და მე-5 საარტილერიო ბრიგადების სამხედროებს შევხვდი. ადგილზე გავეცანი მათ საცხოვრებელ პირობებსა და ბაზაზე არსებულ ვითარებას.
მოხარული ვარ, რომ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა შეესაბამება მაღალ სტანდარტს და ჩვენს ქვეყანას ჰყავს კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი სამხედრო დანაყოფები. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჯარისკაცების დაფასება საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი მთავარი პრიორიტეტია. თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ჯარს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები მომავალშიც არ დაიშურებენ ძალისხმევას თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და სამხედროების ღირსეულად დასაფასებლად. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მამაც ჯარისკაცებს ქვეყნის ერთგულად მსახურებისა და უანგარო თავდადებისათვის!“, - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.
მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ნაწილის ინფრასტრუქტურა: ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი და სპორტული დარბაზი დაათვალიერა.