უკრაინასაც და მოლდოვასაც მიღებული აქვთ რეკომენდაციები და ახლაც რომ შევაფასოთ მდგომარეობა და ტემპი, ვინ იმუშავა მეტი, ამ თვალსაზრისითაც გაცილებით უფრო შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმაც ახსენა დღეს, რომ შარშან იყო საუბრები გეოგრაფიის საკითხზეც, თუმცა შემდეგ გადაიჭრა ეს პრობლემა, როდესაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. მთავარი ისაა, რომ მთლიანობაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გეოგრაფიას და სხვა ფაქტორებს, თუკი ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რა თქმა უნდა, ეს იყო საქართველო. უკრაინასაც და მოლდოვასაც მიღებული აქვთ რეკომენდაციები და ახლაც რომ შევაფასოთ მდგომარეობა და ტემპი, ვინ იმუშავა მეტი, ამ თვალსაზრისითაც გაცილებით უფრო შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს. პირადად მე მართლა მაქვს ამის განცდა, რომ ყველაფერი, რაც მოითხოვებოდა ქვეყნისგან, დეპოლარიზაციის გარდა, გაკეთებულია. ამას ხედავს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობაც. როდესაც მოლდოვას ეძლევა კანდიდატის სტატუსი, და საქართველოს - არა, ეს არაა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ჩემთვის, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ აქ არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება უჩნდებოდეთ ფრუსტრაციის განცდა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.