პირველადი ჯანდაცვა არის ყველაზე მთავარი და უპირველესი მრჩეველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ საწყისს ეტაპზევე მიიღოს სწორი რჩევა, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას – რა შედეგი მისცა ჯანდაცვის უწყებას საპილოტე პროგრამამ, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განახორციელა, რა არის ამ რეფორმის მიზანი, რა შეიცვალა და რა შეიცვლება პაციენტებისთვის.

„ცვლილებები ახლა იგეგმება. დაახლოებით, ნოემბრის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ველოდებოდით პილოტირების რეზულტატებს და გაჩნდა ეს შედეგები. შემდეგ გვქონდა დაახლოებით ორთვიანი პერიოდი, როდესაც უნდა დავკვირვებოდით ამ მონაცემებს და უკვე მომდევნო წლიდან ახალი ნაბიჯების გადადგმაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. რა შეიცვლება? ეს ცვლილებები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ ბევრად გაზრდილი შესაძლებლობა მთლიანად ჯანდაცვის სისტემის, უფრო სწორად რომ ფუნქციონირებდეს. პირველადი ჯანდაცვა არის ყველაზე მთავარი და უპირველესი მრჩეველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, როგორ უნდა წარმართოს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული აქტივობა. სწორი რჩევა მიიღოს საწყისს ეტაპზევე, მაგალითად, წავიდეს ჰოსპიტალში, თუ არ წავიდეს, რა საშუალებები უნდა გამოიყენოს, რომ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკები მაქსიმალურად განეიტრალდეს. პირობითად, ჰიპერტენზიის მართვისთვის, რა მედიკამენტი შეიძლება, მიიღოს, ან აკონტროლოს წნევა, ხომ არ აქვს ისეთი რამე პრობლემა, რომელმაც შეიძლება, განუვითაროს ინსულტი და მძიმე გართულება. ამ ყველაფრისთვის იქნება მოწოდებული პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რომ ასეთი სწორი რჩევებით მოამარაგოს თითოეული მოქალაქე, სწორად დააკვალიანოს და სწორი მიმართულება მისცეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც მაღალტექნოლოგიური ჩარევა და არც რაღაც დიდი დიაგნოსტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი, პირველადი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ხშირად გამოყენებული სერვისია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის აუცილებლად მისაწოდებელი რჩევები.

„სულ ახლახან ჩვენ შემოვიტანეთ გრიპისგან თავდასაცავად აცრის საშუალება, დავარიგეთ და პრაქტიკულად, ყველა რეგიონში უფასოდ ხელმისაწვდომი იყო ეს არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც რამდენიმე კატეგორიის გრიპისგან და ვირუსისგან აზღვევდა მოქალაქეს. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო შარშანდელთან შედარებით და ეს არის კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ყოფილიყო ეს გაკეთებული, შეიძლება, უფრო მეტი ყოფილიყო ვირუსის გავრცელება. საბედნიეროდ, ეს წარმატებულად წარიმართა და ამას ახორციელებს სწორედ პირველადი ჯანდაცვა. მაგალითად, სოფლად მცხოვრები მოქალაქე როდესაც მივა თავისი სოფლის ამბულატორიაში, იქ მას ეტყვიან, თუ გინდა, რომ თავი დაიცვა, ამისგან, ამისგან, ამისგან, ამისთვის არსებობს აცრა. ექიმები არიან ადამიანები, ვისგანაც სარწმუნოდ უნდა იყოს ინფორმირებული მოქალაქე, რომ არ იყოს აბსოლუტურად არასწორი მითი, თითქოს რაღაცას იწვევს, რქებს ამოიყვანს, ან რაღაცას გააკეთებს. ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

„ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემა, საინტერესო და იმედის მომცემი გახლავთ მაგალითად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელის დადგენა. მომზადებულია ინდიკატორების სისტემა, რითაც შევაფასებთ, რამდენად წარმატებულია რომელიმე კონკრეტული რგოლის ფუნქციონირება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, მეტ დაფინანსებაზე წვდომა გაუჩნდეს პირველადი ჯანდაცვის რომელიმე რგოლს, იქნება ეს ოჯახის ექიმი, ამბულატორია, თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ქვეყანას შთამბეჭდავი შედეგები აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან მიმართებით.

„მეთვალყურეობა, აცრები და რჩევებიც გაცილებით ხშირად სჭირდებათ 5 წლამდე ბავშვებს და ასეც უნდა იყოს. სასიხარულოა, როდესაც იგივე მშობელი უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება, ხშირად მიიღოს რჩევები, როგორ იყოს უსაფრთხო ჯანდაცვის თვალსაზრისით 5 წლამდე ბავშვის ცხოვრება. ამიტომ, ბუნებრივია, ამის წახალისებას ვცდილობთ, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ექიმსაც ჰქონდეს მოტივაცია, აქტიურად ეკონტაქტოს მშობელს და მისცეს სწორი რჩევები, სწორად მართოს ეს პროცესი. ამიტომ, იქ, სადაც გვეყოლება ვთქვათ 0-დან 5 წლამდე ბენეფიციარი, იქ დაფინანსებას მეტს გავიმეტებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ანალოგიურად არის საჭიროება ხანდაზმულ პირებთანაც.

„მოკლედ, ვარირებს ამის მიხედვით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საჭიროება. ეს ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ თანაბრის ნაცვლად რელევანტური დაფინანსების მოდელები იქნება გათვალისწინებული და გამოყენებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.